ელექტროენერგეტიკის ობიექტებზე სამრეწველო სიხშირის ელექტრომაგნიტური თავსებადობის მდგომარეობის გამოკვლევა

პროექტი ითვალისწინებს ელექტროენერგეტიკულ ობიექტებზე ელექტრომაგნიტური თავსებადობის, კერძოდ, სამრეწველო სიხშირის ელექტრული და მაგნიტური ველების დაძაბულობების მდგომარეობების გამოკვლევას  და მიღებული  შედეგების ნორმატიული დოკუმენტებით დადგენილ მნიშვნელობებთან შესაბამისობის შეფასებას;  მიღებული შედეგების შესახებ  ინფორმაციის მიწოდებას  შესაბამისი  ორგანიზაციებისათვის და საჭიროების შემთხვევაში მდგომარეობის გამოსწორების შესახებ რეკომენდაციების შემუშავებას.

 

თანამედროვე ელექტროენერგეტიკული სისტემები ხასიათდებიან ენერგეტიკული სიმძლავრეების მაღალი კონცენტრაციით მძლავრი არაწრფივი მომხმარებლების ჩათვლით, ისეთებით,  როგორიცაა  მეტალურგიული წარმოება რკალური ღუმელებით, რკინიგზის წევის ქვესადგურები, რომლებიც კვებას იღებენ მაღალი ძაბვის ქსელებისაგან. ყოველივე ამან გამოიწვია ელექტრომაგნიტური თავსებადობის პრობლემების განხილვის საჭიროება, რომელიც მოითხოვს შეიქმნას ადამიანის ჯანმრთელობისათვის უსაფრთხო ბიოელექტრომაგნიტური თავსებადობისა  და  ელექტრული ქსელის მოწყობილობების ნორმალური ფუნქციონირებისათვის საჭირო პირობები.

 

საქართველოში დღემდე არ არის დამუშავებული ელექტრომაგნიტური თავსებადობისა და შესაბამისად ელექტროენერგიის ხარისხის კონცეფცია. ამით აიხსნება ელექტროენერგეტიკულ ობიექტებზე ელექტრომაგნიტური თავსებადობის მდგომარეობის გამოკვლევის საკითხის აქტუალობა.