სასწავლო-სამეცნიერო ლაბორატორიული სტენდის შექმნა (მინი ჰიდროტურბინის დანადგარი)

პროექტი ითვალისწინებს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ენერგეტიკისა და ტელეკომუნიკაციის ფაკულტეტზე თანამედროვე საზომ-საკონტროლო ხელსაწყოებით და მართვით აღჭურვილი ჰიდროტურბინების საკვლევი ლაბორატორიული სტენდის მოწყობას, რომელიც მოემსახურება სტუდენტების (წელიწადში 450-დე)  სასწავლო პროცესს. ლაბორატორიული სტენდი, აგრეთვე, შეასრულებს საკვლევ ფუნქციასაც. სტუდენტებს საშუალება ექნებათ ვიზუალურად დააკვირდნენ ჰიდრავლიკური ენერგიის ტრანსფორმაციას, ჰიდროტურბინაში მიმდინარე მუშა პროცესებს და შეისწავლონ ჰიდროტურბინის მუშა მახასიათებლები მათი უშუალო გაზომვის და გაანგარიშების გზით.

 

საქართველოში ამჟამად მიმდინარეობს და მომავალშიც გაგრძელდება ჰიდრო-ელექტროსადგურების  მაღალი ტემპებით მშენებლობა, რაც შესაძლებელს გახდის ქვეყნის ჰიდროენერგეტიკული პოტენციალის სრულად ათვისებას. ამ ამოცანის გადაჭრა დღის წესრიგში აყენებს ჰიდროენერგეტიკული დარგის თანამედროვე დონის მაღალკვალიფიციური ახალგაზრდა  სპეციალისტების მომზადების საკითხს. აღნიშნულ სპეციალისტებს ამზადებს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ენერგეტიკისა და ტელეკომუნიკაციის ფაკულტეტის ჰიდროენერგეტიკული დანადგარების და მაგისტრალური  სამილსადენო სისტემების  დეპარტამენტი, რომელსაც   ჰიდროტურბინების სტენდი არ გააჩნია. აღნიშნული პროექტი ხელს შეუწყობს მითითებული ამოცანის წარმატებით გადაჭრას.